saqarTvelos myinvarebi - Tbilisa
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°44`33` ჩ. გ. 43°46`31` ა. გ. |
სიგრძე | 3.3 კმ |
ფართობი | 3.8 კმ² |
ტიპი | პულსაციური |
სინონიმი: თბილისი.
ხეობის ტიპის მყინვარი რაჭის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. მდებარეობს მდინარე რიონის სათავეებში. საშუალო ზომის მყინვარია. სიგრძე 3.3 კმ, ფართობი 3.8 კმ². სიმაღლე ზღვის დონიდან 2770 მ. როგორც ცნობილია XX საუკუნეში დაიწყო გლობალური დათბობა, რამაც მაგ., საქართველოში გამოიწვია მყინვართა დამოკლება და დათხელება. ამ საკითხების შესწავლა დაევალა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტს, სადაც კვლევებს უშუალოდ ხელმძღვანელობდა ცნობილი ქართველი კლიმატოლოგი და აგრომეტეოროლოგი აკადემიკოსი თეოფანე დავითაია. შედეგად აქ მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დეტალური გლაციოლოგიური, ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური დაკვირვებები. დადგინდა, რომ, როგორც ყველა მყინვარი, ასევე „თბილისაც“ უკან იხევს.
თეოფანე დავითაიამ სწავლის პროგრამაში ჩართო მყინვარის ზედაპირის ტემპერატურაზე დაკვირვება. გამოვლინდა, რომ მყინვარის ზედაპირის ტემპერატურა დადებითი იყო, ხოლო მიმდებარე ჰაერისა კი უარყოფითი. ეს აღმოჩენა მკვლევარმა ახსნა ადამიანის სამეურნეო საქმიანობით გამოწვეული ატმოსფეროს დაჭუჭყიანებით (ე.ი. ანთროპოგენური დაჭუჭყიანება). მიმდინარეობდა მყინვარის ზედაპირის ანთროპოგენური მტვერის თხელი ფენით დაფარვა, რის გამოც იზრდებოდა ზედაპირის მიერ მზის სათბური ენერგიის შთანთქმის უნარი და შედეგად მყინვარი იხევდა უკან. ამის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ თბილისა არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო უკეთ შესწავლილი მყინვარი.
მყინვარის ენა GPS-ის გამოყენებით ბოლოს 2010 წელს დაფიქსირდა, ამ დროს ენის ბოლო მონაკვეთი რიგელზე იყო გადმოკიდებული. 2012 წლის ექსპედიციის დროს მყინვარის ენის GPS-ით აგეგმვა უკვე შეუძლებელი იყო, რადგან მექანიკური ნგრევის და აბლაციის შედეგად ენის ბოლო მონაკვეთი ჩამოიშალა. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მომავალში მყინვარის დინამიკის დაფიქსირება მხოლოდ კოსმოსური სურათების და ფოტო გადაღების საშუალებით იქნება შესაძლებელი.